აჭარაში COVID-19-ით ინფიცირებული 5 პირი განაგრძობს მკურნალობას. მათგან სამ პირს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. მათ შორის არის ავსტრიელი პილოტი, რომელმაც საქართველო სპეცრეისით წუხელ ღამით დატოვა. ექიმის თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
ბოლო ინფორმაციით, აჭარაში 200-ზე მეტი პირი კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფება.
ფოთში კი ერთი პაციენტის ტესტის ანალიზს ელოდებიან. ის კონტაქტში იყო ბოლნისის ერთ-ერთ მკვიდრთან, ასევე აღენიშნებოდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ამ დროისთვის ფოთში თვითიზოლაციაში 55, კარანტინში კი - 7 მოქალაქე რჩება.
ანაკლიაში საკარანტინო ზონაში 67 ადამიანი მოთავსდა, მათ შორის 9 მარნეულის მკვიდრია, რომელიც კარანტინში ოზურგეთიდან გადაიყვანეს. მათ 14 დღიან საკარანტინო პერიოდის გავლა მოუწევთ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული ხელმძღვანელის ინფორმაციით, მათ ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ. სულ ანაკლიაში 138 ნომერია, მესტიაში კი, სადაც ორი საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, 20-მდე ადგილია.