11 სექტემბერი 2026,   07:10
ვრცლად
კარანტინის მეორე დღე ქვემო ქართლში - მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კონტროლი გრძელდება

კარანტინის მეორე დღე ქვემო ქართლში - მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კონტროლი გრძელდება. პოლიცია და სამხედროები საგუშაგოებზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ძირითად გზებზე განთავსებულია საკონტროლო გამშვები საგუშაგოები, მეორეხარისხოვანი კი მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება. პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებშიც პატრულირებენ.

მარნეულის შესასვლელთან მოძრაობა შეფერხებულია. პროცესს დადგენილი საკარანტინო წესები აფერხებს, რომ ყველა ადამიანის გადადგილება იყოს უსაფრთხო. 

შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ. 

რისკზონაში შესვლისას განსაკუთრებული სიმკაცრით ამოწმენებ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიან და რეგიონში შესვლა სურთ. გამშვები პუნქტიდან დღეს ყველა ასეთი ადამიანი უკან გამოაბრუნეს, მათ შორის სამართალდამცველებმა გადაადგილების უფლება არ მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც  საკუთარი ოჯახის წევრის დაკრძალვას უნდა დასწრებოდნენ.  

"დედა დაგვეღუპა, მივასვენებთ სოფელში, ბოლნისის რაიონში და არ გაგვიშვეს დაკრძალვაზე. კანონსაც ვერ დავარღვევთ, ეს ყველაფერი ჩვენთვის კეთდება. რომ გავეშვით, მაინც არ წავალთ, ხალხს უნდა გავუფრთხილდეთ,"- უთხრა "კურიერს" ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ადგილზე შეზღუდულია მედიის გადაადგილება. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მასალა, რა სამუშაოები ჩატარდა მარნეულსა და ბოლნისში.

"მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლი გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად 24 საათის განმავლობაში იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს," - აცხადებს ქვემო ქართლის პატრულის ინსპექტორი თორნიკე მურჯიკნელი.

დღის ამბები