ორი სახეობის სწრაფი ტესტი საქართველოში უკვე ხვალიდან იქნება, თუმცა პირველი ლოკაცია, სადაც მას გამოიყენებენ, ბოლნისი და მარნეულია.
შესაძლო შემთხვევების სწრაფად გამოსავლენად ჯანდაცვის უწყება და მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პირველ ეტაპზე სწრაფი ტესტების გამოყენება მედპერსონალზე და ასევე, რისკჯგუფში შემავალ ადამიანებზე დაიწყოს.
ჯანდაცვის სამინისტრო სწრაფი ტესტების კომერციულ გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
"დღეს ჩინეთიდან უკვე წამოვა 1 000 ტესტი, რომელიც ასევე PCR ტექნოლოგიებს ემყარება. ეს არის საჩუქარი. საჩუქარი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და აპარატი ამისთვის უკვე ჩამოსულია ქვეყანაში.
ხვალ უკვე ეს ტესტები იქნება ქვეყანაში და დაავადებათა კონტროლის ცენტრი განაგრძობს ამ ტესტების გამოყენებას იმ სქემით, რასაც აქამდე იყენებდა.
რაც შეეხება უკვე ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, რომელიც ასევე ჩინეთიდან მოდის, მაგრამ ეს არის ის მოდელი, რომელიც სამხრეთ კორეაში იყო გამოყენებული, ჩინეთში წარმოებულია ეს ტესტები. ვფიქრობთ, რომ ეს ტესტები ჩამოვა კვირის ბოლოს. ხვალ უკვე დაიწყება ტრანზიტი ამ ტესტების პარტიის ჩინეთიდან.
შემდეგ უკვე ჩვენ ეტაპობრივად ველოდებით დამატებითი რაოდენობის ტესტებს და ის 200 000-ზე მეტი ტესტი, რომელიც იყო დაანონსებული, ეს უკვე აპრილის დასაწყისში იქნება ქვეყანაში და შემდეგ უკვე გვექნება შესაძლებლობა, რომ ამ ტესტების გამოყენება მეტად გაფართოვდეს. პრიორიტეტული ჯგუფები იქნება სამედიცინო პერსონალი, ასევე პაციენტები მაღალი რისკის ჯგუფებში, რომელიც იქნება კონტაქტი და სიმპტომური პაციენტი და არა მხოლოდ მოგზაურობის ისტორია და კიდევ სიმპტომები, რომლებიც აქამდე იყო ძალიან მკაცრად განსაზღვრული," - განმარტა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.