პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული COVID 19-ით ინფიცირებული 13 პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ლევან რატიანის თქმით, მათი სინჯები ანალიზისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და შესაძლოა, მათ კლინიკა ხვალვე დატოვონ.
ლევან რატიანმა COVID-19-ით ინფიცირებული, 22 კვირის ორსული ქალის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის გინეკოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული 3 ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი. ლევან რატიანს ახალშობილების ინფიცირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. როგორც რატიანმა მედიასთან საუბრისას განმარტა, ახალშობილები მარნეული-ბოლნისის რაიონიდან არიან და რადგან ეს რეგიონი გამოცხადებულია წითელ ზონად, ამიტომ ითვლება ეს შემთხვევები საეჭვოდ, თუმცა, დღენაკლულ ახალშობილებში სუნთქვის მწვავე უკმარისობის შემთხვევები COVID 19-ის ინფექციის გარეშეც საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა.
ლევან რატიანის თქმით, 13 ინფიცირებული პაციენტიდან 2 კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფებიან. მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 59 საეჭვო პაციენტიდან 13-ს კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის, COVID 19-ის სულ 81 შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 247.
საქართველოში კორონავირუსი უკვე 13-მა პაციენტმა დაამარცხა.