18 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
მეექვსე დღე იზოლაციაში - რა ვითარებაა კარანტინში მოქცეულ მარნეულსა და ბოლნისში

კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, უკვე მეექვსე დღეა საქართველოს 2 ქალაქი - მარნეული და ბოლნისი კარანტინის რეჟიმში, იზოლაციაში განაგრძობს ცხოვრებას. გამკაცრებული კონტროლი გრძელდება გამშვებ პუნქტებზე, სადაც კვლავ გადაადგილდებიან კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებზე დასაქმებული მოქალაქეები, სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანები. შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ძალები ადგილზე 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ. სატრანზიტო ავტომობილების მძღოლებს მითითება აქვთ მიცემული, რომ მათ საკარანტინო ზონა გაჩერების გარეშე უნდა დატოვონ.

ადგილზე განთავსებულია საველე ჰოსპიტალიც."კურიერი" ესაუბრა ექიმს, რომელიც წითელ ზონაში მარნეულის ცენტრალური შესასვლელიდან შევიდა. მედიკოსის თქმით, მარნეულში განთავსებულ საველე ჰოსპიტალში ერთ პირს საეჭვო სიმპტომები აქვს, აღენიშნება ორმხრივი პნევმონია და მისი ბიოლოგიური მასალა უკვე გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

გადაადგილების შეზღუდვის გამო შექმნილ პრობლემაზე საუბრობენ პირები, რომლებსაც მარნეულში ბაღები აქვთ და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად სურთ.

"სახელმწიფო პროგრამით მაქვს იქ გაშენებული ბაღი, რომელიც სულ მთლად უპატრონოდ რომ მიატოვო გაფუჭდება, საგაზაფხულო სამუშაოების ორგანიზებისთვის მინდა შევიდე და გამოვიდე და არ მიშვებენ," - აცხადებს ის.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის თქმით, საკარანტინე ზონაში სატრანზიტო მოძრაობა კონტროლს ექვემდებარება და ამასთანავე თავად მუნიციპალიტეტებშიც დარეგულირებულია პროდუქტის, მედიკამენტის და საწვავის მიწოდება:

"სატრანზიტო მოძრაობა კონტროლს ექვემდებარება და დარეგულირებულია, შემოდიან დისტრიბუტორები და ყველა საჭირო პროდუქტი არის დახლებზე და საბითუმო საწყობებში რაიმე კრიზისი არ გვაქვს სასურსათო მედიკამენტური  და საწვავის," - აცხადებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.

მოსახლეობის სამედიცონო კონტროლში აქტიურად არიან ჩართულები სამხედრო ექიმები

"მედიკოსები ახდენენ მოსახლეობის კონტროლს ტემპერატურაზე და ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება გადაყვანა იზოლაციის ზონაში სადაც ხდება ამ ტემპერატურის გადამოწმება და დადასტურების შემთხვევაში ვიძახებთ ეპიდემიოლოგიურ ჯგუფს, რომელიც შემდეგ გადაამისამართებს ამ პირს შესაბამისი მიმართულებით," - განაცხადა მე-4 მექანიზებული ბრიგადის ექიმმა ეკატერინე ბულისკირიამ.

დღის ამბები