18 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
21:00 - საქართველოში კომენდანტის საათი ამოქმედდა

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში დღეს, 31 მარტის 21:00 საათიდან საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. იკრძალება ყველა სახის გადაადგილება, როგორც ტრანსპორტით, ისე ფეხით. დილის 6 საათამდე ქუჩაში სამართალდამცავები პატრულირებენ, ქუჩაში მოძრაობა  დასჯადია.დაიკეტება ყველაფერი, გარდა აფთიაქებისა. კომენდანტის საათი შეეხო სასურსათო მაღაზიებსაც.

გადაადგილება შეუძლიათ მედიას და მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროფესიის წარმომადგენლებს და ისიც სპეციალური საშვებით.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი დღეიდან ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, ფაქტობრივად, სრული კარანტინი გამოცხადდა და 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე აიკრძალა, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. 

დილის 06:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე დასაშვებია ნებისმიერ სახის პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება იმ პირობით, რომ მანქანაში არ უნდა იყოს 3 მგზავრზე მეტი.

იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია.

70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში.

ე.წ. კომენდანტის საათით შემოღებული შეზღუდვები საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე არ მოქმედებს.

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი თან უნდა ჰქონდეს.

16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მის მშობელს, ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება.

დღის ამბები