გურია ვენეციაშია. გონდოლიდან გაჟღერებული გურული ჰანგები და პირველი ნაბიჯები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კინოსცენაზე - ვიდრე ქართველი მსახიობები წითელ ხალიჩაზე, ასობით კამერის წინ გაივლიან და 40-ზე მეტი ქვეყნის ობიექტივში მოხვდებიან, მანამდე მათ განწყობას მთელი ქალაქი ხედავს.
როგორც რეჟისორი ამბობს, სულ მალე ფრესკებს ქართული ცხოვრებიდან, ყველაზე კრიტიკული მაყურებელი იხილავს.
ვენეციის კინოფესტივალის დირექტორმა, ალბერტო ბარბერამ თქვა, რომ ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" ქართული კინოს ტრადიციებს აგრძელებს.
შავ-თეთრი კადრებით მოყოლილი ტრაგიკომედია გურიაში ვითარდება. ელექტროენერგიის დეფიციტი, ჯართად გაყიდული ტროლეიბუსის სადენები, სილამაზის კონკურსი და ოჯახური კონფლიქტები. გურია მხოლოდ 90-იანების ქრონიკა არ არის - სიუჟეტის ცენტრში 45 წლის დაქვრივებული ზურიკოა, რომელიც სიყვარულის პოვნასა და თხილის სასურველ ფასად გაყიდვაზე ოცნებობს.
ფილმს სფოთ ლაით სექციაში აჩვენებენ, რომელიც ყოველწლიურად შემოქმედებითი ორიგინალურობითა და მხატვრული ხედვით გამორჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს. "გურია" სწორედ შერჩეულ რვა ფილმს შორისაა. მის მიმართ უკვე არსებობს საერთაშორისო მედიისა და კინოკრიტიკოსების ინტერესი. მსოფლიო პრემიერასთან ერთად, ვენეციაში ქართული მიღებაა დაგეგმილი.
ფილმი საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და "შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით შეიქმნა. დროის ათვლა დაწყებულია, ერთ საათზე ნაკლები დარჩა ფილმის მსოფლიო პრემიერამდე.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი