სახელი, პირდაპირი გაგებით, ზურა გირჩი ჯაფარიძემ მიითვისა, რომელმაც იაგო ხვიჩიასთან ერთად დაფუძნებული პარტიის სახელწოდება არა მხოლოდ მის პოლიტიკურ ორგანიზაციას, არამედ საკუთარ თავსაც დაარქვა. დღეს უკვე სხვა ბანაკშია - იქ, საიდანაც მის ყოფილ თანაგუნდელებს ღიად უპირისპირდებიან და, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, ოპოზიციის გაშავებაში ადანაშაულებენ. "თავისუფლების მტრები" - ასეთია პასუხი მეორე მხარისგან, რომელიც კოალიცია "ახალის" ძველ ნაცნობებთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტას და წარსულის შეცდომების გამოსწორებას გეგმავს, მათ შორის - სახელის შეცვლითაც.
40-მილიონიანი გარიგების თემა გახდა ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი სერია, სადაც მთავარ გმირებად ისევ გვარამია-წითლიძე რჩებიან, თუმცა წრე გაფართოვდა. ურთიერთბრალდებები მხოლოდ ორ პარტიაზე აღარ ვრცელდება, არც მხოლოდ ნიკა გილაურზე. გვარამია ირწმუნება, რომ ყოფილი ხელისუფლების ყოფილ პრემიერთან, სააკაშვილის დავალებით, მოქმედმა "ნაციონალმა" მიიყვანა. თუმცა შუამავლის ვინაობა ამ დრომდე ინტრიგად რჩება.
სხვა "გირჩის" პარტნიორებს სააკაშვილის პარტიიდან ულტიმატუმიც წაუყენეს. წითლიძემ გვარამიას ჯერ კიდევ გუშინ მოუწოდა შუამავლის დასახელებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიმუქრა, რომ თავადვე იტყოდა, თუმცა დაპირება არ შეასრულა. დღეს კი მედიაზე შეტევით ცდილობდა, თავი აერიდებინა კითხვებისთვის, რომელიც ახლებისა და ძველების დაპირისპირების პროცესში თვითონვე გააჩინა.
Facebook-პოსტებით, საჯაროდ ამხელენ ერთმანეთს ტელევიზიებისა და პარტიის ძარცვაში, პოლიტიკურ მანიპულაციებსა და ფინანსურ გარიგებებში, რაც მმართველი პარტიის მხრიდან ოპონენტების ლუსტრაციად ფასდება. ამბობენ, რომ ოპოზიცია უკვე თავადვე ადასტურებს იმას, რაზეც "ქართული ოცნება" აქამდეც საუბრობდა, დაფინანსების მოსაპოვებლად ბრძოლას კი ვერც დაგვიანებული აღიარებები და ვერც რებრენდინგის მცდელობები ვერ შველის.
ე.წ. შავი ფულის ბრალდებები მხოლოდ პარტიებს არ ეხება. "ნაციონალები" ყოფილ იდეოლოგს ტელევიზიისთვის განკუთვნილი თანხების მითვისებაშიც ადანაშაულებენ და სახელფასო ამონაწერის გამოქვეყნებითაც ემუქრებიან.