09 სექტემბერი 2026,   23:16
ვრცლად
ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - პოლიციამ ნარკორეალიზაციაში ბრალდებული პირები დააკავა

ფარული კადრები ქუთაისში, იმ დროს არის გადაღებული, როდესაც თურქეთის მოქალაქემ კლიენტს ნარკოტიკი მიჰყიდა. მამაკაცმა ე.წ. ფაქტი ახალგაზრდა ქალს ხელიდან ხელში გადასცა, სანაცვლოდ, 1200 ლარი აიღო და შეხვედრის ადგილი მალევე დატოვა.

"კურიერის" ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე საქართველოში დაკავებამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა, ნარკოტიკი გაასაღა, ფული აიღო და იმავე დღეს უკან უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რეალიზატორის მარშრუტი უკვე იცოდნენ და მის დასაკავებლად საპოლიციო ღონისძიებაც დაიგეგმა. ავტომობილით მიმავალი, ფარცხანაყანებში გააჩერეს და ხელბორკილები დაადეს.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების გავრცელების კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს. საპოლიციო ღონისძიება ამჯერად თერჯოლაში ჩატარდა. "კურიერის" ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცოლ-ქმარი აიყვანეს. ისინი ჯგუფურად მოქმედებდნენ და ე.წ. დამდებები იყვნენ. დაფასოებული და სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი მათ ტყეში მოწყობილ სამალავებში ჰქონდათ დატოვებული. მითითებული ადგილებიდან და პირადი ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკია ამოღებული.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ცოლ-ქმარს წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.

იმერეთის რეგიონში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების დროს, პოლიციამ ნარკოტიკის გასაყიდად გამზადებისთვის საჭირო მოწყობილობები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენის მიზნით გრძელდება.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მუხლებით გრძელდება.

დღის ამბები