18 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
კორონავირუსის პიკისას საქართველოს, შესაძლოა, 6000 ინფიცირებული ჰყავდეს - ამ მონაცემის შეცვლა შენც შეგიძლია

კვლევაში, რომელიც საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ჩაატარა, შესწავლილია ახალი ვირუსული ინფექციის, COVID 19-ის გავრცელების ტემპი სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ქვეყნების მაგალითზე, სადაც ეპიდემია უფრო ადრე გავრცელდა, ვიდრე ჩვენთან, მოცემულია რამდენიმე სავარაუდო სცენარი, რას უნდა ველოდოთ საქართველოში.

იმ სახელმწიფოებში, სადაც რეგულაციების გამკაცრება მთავრობამ დააგვიანა და მოსახლეობაც არ ემორჩილებოდა წესებს, პირველი 100 ინფიცირებულის გამოვლენის შემდეგ, 500 ახალი შემთხვევა 3-4 დღეში დაფიქსირდა. ასეთი ქვეყნებია, მაგალითად, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია.

იმ ქვეყნების ნაწილში კი, სადაც რეგულაციები უფრო მკაცრი იყო და მოქალაქეები რჩებოდნენ სახლში, ინფიცირების 100 შემთხვევის შემდეგ, ამ მონაცემების გაორმაგებას რამდენიმე კვირა დასჭირდა. საუბარია აზიის ზოგიერთ ქვეყანაზე.

სპეციალისტები ამბობენ, რომ პროცესის დროში გაწელვა და დროის მოგება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს.

საერთაშორისო ფონდი საქართველოში 3 სავარაუდო სცენარს განიხილავს. ერთი შედარებით მსუბუქია, მეორე შუალედური, მესამე კი საკმაოდ მძიმე.

საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებით, ეპიდემიის გავრცელების ტემპი და რისკების შემცირების პრევენცია კონტაქტების შემცირებაა.

თუ მოსახლეობა წესებს არ დაემორჩილება, მათი პროგნოზით, პიკი სწრაფად დადგება და იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდება, 6 ათასს მიაღწევს. სავარაუდო სცენარები ასე გამოიყურება:

თუ ადამიანების კონტაქტი 10%-ით შემცირდება, ეპიდემიის პიკი ივნისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, რაც ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს 4 ათას 174-მდე შეამცირებს. ანუ, კლინიკაში მკურნალობა ერთდროულად დასჭირდება 4 ათას 174 ადამიანს.

თუ კონტაქტი 20%-ით შემცირდება, ასეთ დროს ეპიდემიის პიკი მე-17 კვირას, ანუ ივლისის დასაწყისში იქნება, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები კი 2 600-მდე დაიკლებს.

თუ ადამიანები წესებს დაემორჩილებიან და კონტაქტები 30%-ით შემცირდება, ეპიდემიის პიკი აგვისტოში იქნება, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები კი 1 418-მდე დაიკლებს. შესაბამისად, კლინიკაში მკურნალობა დასჭირდება მხოლოდ 1 418 ადამიანს.

ამავე კვლევის მიხედვით, საერთაშორისო ფონდის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველოში COVID-19-ის გავრცელების ტემპი ევროპასა და აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს შორის იქნება.

ამ კვლევის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახლა ჩვენი, ჩვენი ახლობლების და ქვეყნის მომავალი ჩვენს პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

დღის ამბები