17 მაისი 2024,   09:17
ვრცლად
აშშ-ში კორონავირუსს დღე-ღამის განმავლობაში 1 900-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა - ნიუ-იორკში დაღუპულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

1 600 000-ზე მეტი ინფიცირებული და 96 000-მდე გარდაცვლილი - ასეთია კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს 1 900-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, მათგან 800-მდე მხოლოდ ნიუ-იორკში დაიღუპა, რაც შტატში დღე-ღამეში გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელია.

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკაში კორონავირუსის 2 მილიონზე მეტი ტესტი უკვე გამოიყენეს.

ინფიცირებულთა რიცხვით მეორე ადგილზე გადაინაცვლა ესპანეთმა, სადაც საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა. ლეტალობის 1 300-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში. იტალიაში კი COVID-19-ს, საერთო ჯამში, 18 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში საკარანტინო პერიოდი შესაძლოა მაისამდე გახანგრძლივდეს.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

ეკონომიკის სტიმულირებისთვის 500 მილიარდ-ევროიან პაკეტზე შეთანხმდენენ ევროკავშირის სახელმწიფოები.

კორონავირუსის მონაცემები მატულობს საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. COVID 19-ით, საერთო ჯამში, თურქეთში - 908, სომხეთში -10, აზერბაიჯანში 9, რუსეთში კი 76 ადამიანია დაღუპული. მოსკოვში COVID-19 დაუდასტურდა 8 მართლმადიდებელ მღვდელს.

ზუსტად 100 დღის შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია მიიღო, მსოფლიოში ვირუსის დამარცხება 350 000-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო.

დღის ამბები