18 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
რა ვითარებაა სოფელ მელეში - ლენტეხის ყველაზე მაღალი რისკზონის სოფელი მკაცრ საკარანტინო პირობებშია

სოფელი მელე ლენტეხში ყველაზე მაღალი რისკის წერტილად რჩება - მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 5 ინფიცირებულიდან 3 სწორედ ამ დასახლებაში ცხოვრობდა და გადაადგილდებოდა.

სოფლის კიდევ ორი მკვიდრის ტესტირების შედეგებს ამ დრომდე ელოდებოდნენ მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

მაღალი ტემპერატურით ორი ხანდაზმული ქალბატონი სოფელ მელედან გუშინ გვიან ღამით, ლენტეხის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.

უკვე მეორე დღეა ლენტეხში მკაცრი საკარანტინო წესები მოქმედებს. შეზღუდვა გადაადგილებასაც ეხება. ადგილობრივების განცხადებით, საკვები პროდუქტები რეგიონს შეფერხების გარეშე მიეწოდება.

სოფელ მელეს ერთ-ერთი მკვიდრი "კურიერს" უყვება, რომ რეგიონში ამ დროისთვის პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარების დეფიციტია. მოსახლეობას უჭირს საჭირო ნივთების შეძენა აფთიაქებში მაშინ, როდესაც ეს ახლა ყველაზე საჭიროა.

მელე სწორედ ის დასახლებაა, სადაც მომატებული რისკების გამო ყველაზე მკაცრი კონტროლია დაწესებული.

პარალელურად, ქუჩებს და სახლებს სპეციალური ჯგუფები სადეზინფექციო სამუშაოებით ამუშავებენ. ექიმები სოფლის მოსახლეობასთან კარდაკარ მიდიან, ამოწმებენ პაციენტების ჯანმრთელობას და გასცემენ რეკომენდაციებს.

5 ათასამდე მოქალაქის თერმოსკრინინგის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე პირველადი დასკვნა ხვალისთვის გახდება ცნობილი.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებული დღეს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს პირადად ესტუმრა და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. არჩილ ჯაფარიძემ სოფლის ექიმებს სამედიცინო აღჭურვილობაც გადასცა.

საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე კონტროლს 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. ოფიციალური ინფორმაციით, მკაცრი კარანტინის წესები ამ დროისთვის არავის დაურღვევია.

დღის ამბები