საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმისთვის რომ ქვეყანაში შეზღუდვები მალე მოიხსნას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა იმ რეგულაციის შესრულება, რომელიც მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით შემოიღო, ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეგულაციების არშესრულება ქმნის რისკებს, რომ ქვეყანას შეზღუდვების პირობებში ცხოვრება თვეების განმავლობაში მოუწიოს:
"უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ იმისთვის, რომ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა. ეს არის წინაპირობა, რომლის შემთხვევაშიც, შეგვიძლია ავამუშაოთ ეკონომიკაც, ბიზნესიც და დავიწყოთ თანმიმდევრული მოხსნა ამ შეზღუდვების. სხვა შემთხვევაში, თუ მკაცრად არ შევასრულებთ, არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით," - განაცხადა გიორგი გახარიამ.