18 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
მჯერა, ოქროს შუალედი გამოიძებნება და ეს 2 კვირა არ იქნება ხელშემწყობი ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის დაწყების - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ COVID 19-ის ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელების რისკებსა და ამ პროცესში საეკლესიო დღესასწაულების როლზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ყოველგვარი თავყრილობა ეკლესიაში თუ სასაფლაოებზე, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ათასობით ადამიანის დაინფიცირებას, და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა საპატრიარქოსთან ერთად ოქროს შუალედს იპოვის ამ საკითხის გადასაჭრელად. 

"დასამალი არ არის, რომ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს ეკლესიასთან, რომელიც არის ყველაზე მაღალრეიტინგული, საუკუნეების განმავლობაში ყველაზე უფრო აღიარებული ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელმაც გამოიარა ათასწლეულები და ის მხოლოდ ხელს უწყობდა და უწყობს ერის განვითარებას, ჯანმრთელობას და განათლებას. ამიტომ, ეს ვნების 2 კვირა და შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულის იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება. ეს ადვილად მოსავლელი დაავადება არ არის.

უნდა გავითავისოთ, როგორ მოვიქცევით თითოეული ჩვენგანი ამ ორი კვირის განმავლობაში, როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავყრილობებს, იქნება ეს ოჯახებში, ეკლესიაში თუ სხვაგან, მაგალითად, სასაფლაოზე.
კონსულტაციები საპატრიარქოსთან მიმდინარეობს და, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ოქროს შუალედი გამოიძებნება, როგორც დღეს პრემიერმა ბრძანა, რომ ეს 2 კვირა არ მიაყენებს ზიანს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას; არ იქნება ხელშემწყობი ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის დაწყების. მე, როგორც პრევენციული მედიცინის წარმომადგენელი და, რაც მთავარია, ექიმი, მოგიწოდებთ, რომ დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც დღეს სახელმწიფო იძლევა,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონს უნდა ემორჩილებოდეს ყველა პროფესიის ადამიანი და, მათ შორის, სასულიერო პირებიც.

"დღეს ჩვენ გვაქვს საგანგებო მდგომარეობა, კანონით გამოცხადებული. ჩვენი ვიბრძოდით დიდხანს, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო სამართლებრივი ქვეყანა. სამართლებრივი ქვეყანა გახლავთ ქვეყანა, სადაც უზენაესია კანონი. ჩვენ ყველანი კანონს ვემორჩილებით: ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, საეკლესიო მოღვაწე, ყველა. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტი, რომ კანონი უზენაესია. ამიტომ, კანონი უნდა იყოს დაცული ყოველთვის და, განსაკუთრებით, ამ პერიოდში, რომ როგორმე შედარებით რბილად გავიაროთ ეს 2-3 კვირა და ავცდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები