18 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომასაც! რათა დავეხმაროთ სახელმწიფოსა და მედიკოსებს სიტუაციის ეფექტურად მართვაში - მეუფე მელქისედექი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი მრევლს მიმართავს და ექიმების რეკომენდაციის გათვალისინებით, ვირუსისგან დასაცავად სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, ეკლესიებში სადღესასწაულო დღეებში მხოლოდ მღვდელმსახურები იქნებიან, რადგან ეს მათი პირდაპირი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა. 

"სასულიერო პირები, ვალდებულნი ვართ ნებისმიერ კრიზისულ პერიოდში აღვასრულოთ საღვთო ევქარისტია. ესაა ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ამ ეკლიან გზას შევუდექით. მედიკოსები ვალდებულები არიან მოგვიწოდონ, თუკი ჩვენ მიერ აღსრულებული ესა თუ ის ქმედება შეიცავს რაიმე საფრთხეს, უპირველესად საკუთარი თავებისთვის და შემდეგ უკვე გარშემომყოფთათვის.

ისიც მოგეხსენებათ, რომ პირდაპირ მოგვიწოდებენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, მოვერიდოთ ნებისმიერი სახის შეკრებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან, სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, თქვენ არ ხართ ვალდებულნი დაესწროთ ღვთისმსახურებებს.

მე არ მაქვს უფლება, რომელიმე თქვენგანს ავუკრძალო შაბათ საღამოს ტაძარში მოსვლა, არც ის შემიძლია, რომ შიგნიდან ჩავკეტო ეკლესია, მაგრამ, როგორც თქვენი ეპისკოპოსი, როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის მუდამ მზრუნველი და მლოცველი რიგითი თანამოქალაქე, ძალიან გთხოვთ, მაქსიმალურად დარჩეთ სახლებში და შეზღუდოთ კონტაქტები.

გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომასაც! რათა დავეხმაროთ სახელმწიფოსა და მედიკოსებს სიტუაციის ეფექტურად მართვაში. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს არაა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არაა სარწმუნოების ღალატი, ეს მოყვასზე ზრუნვისა და სიყვარულის საკითხია, განა უმთავრესად ამას არ მოგვიწოდებდა ქრისტე მაცხოვარი, რომ ერთმანეთზე გვეზრუნა? თუ ერთმანეთის სიცოცხლეს არ ვუფრთხილდებით და ამას რელიგიური მოტივებით ვამართლებთ, განა ბევრით განვსხვავდებით იმ მწიგნობარ-ფარისეველთაგან, რომლებმაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს.

მოგეხსენებათ, სიტუაციის გართულების პირველივე დღიდანვე აქტიურად მივყვებით მედიკოსთა და სახელმწიფოს რეკომენდაციებს. გავატარეთ უამრავი ღონისძიება, იქნებოდა ეს დისტანციის დაცვა, ტაძართა გახმოვანება, ჰიგიენის გამკაცრებული ნორმები და ა.შ. უფლის მადლით აქამდე წარმატებით მოვიდა საქართველოცა და ჩვენი ეპარქიაც, ახლა კიდევ ერთხელ უნდა შევუტიოთ ვერაგ ვირუსს.

მე მესმის რთულია, რომ რაღაც საკითხების გამო არ დაესწროთ ღვთისმსახურებას, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემთვის უფრო რთულია ხალხისაგან დაცლილ ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარება; წარმოდგენაც კი მზარავს რა გრძნობა იქნება, როდესაც ტაძარში, ჩემ მიერ წარმოთქმულ "ქრისტე აღსდგა-ს“, კედლების ექო უპასუხებს, მაგრამ მანუგეშებს ის, რომ ამით თქვენს სიცოცხლეს დავიცავ. ახლა, ამ სასტიკ ომში, იძულებულნი ვართ რაღაცა დავთმოთ, რათა ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ, თქვენი სიცოცხლე ვიხსნათ, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების!" - აღნიშნავს თავის მიმართვაში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი.

მისივე ინფორმაციით, ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს, სასულიერო პირები, წმინდა ლიტურგიას ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში აღავლენენ. მისივე განმარტებით, მორმუნეებმა არ უნდა დაიჯერონ, თითქოს აღდგომისას მიღებული ზიარება უფრო აღმატებულია, ვიდრე სხვა დღეებში მიღებული. "აღდგომა სიცოცხლე და ჯანმრთელობაა! გაუფრთხილდით ერთსაც და მეორესაც, რადგან უფალმა ორივე სწორედ თქვენ, მის ხატებსა და მსგავსებს მოგანიჭათ სიკეთისთვის და არა ფანატიზმისთვის!" - აღნიშნავს მიტროპოლიტი მელქისედეკი.

დღის ამბები