18 ნოემბერი 2024,   10:00
ვრცლად
"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ და "ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ "ფრონტერას" წინააღმდეგ დავა მოიგეს

2020 წლის 17 აპრილს, საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ერთის მხრივ, "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა" და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო მეორეს მხრივ,  "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა" და "ფრონტერა აშშ-ის" შორის წარმოშობილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარეობს. 

საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, მხარი დაუჭირა "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა" და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა. 

ამასთან, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენმა" დაარღვია კონტრაქტი, რაც ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმაში გამოიხატა. 

გადაწყვეტილების მიხედვით, "ფრონტერას" დაევალა "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და ასევე, მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აანაზღაუროს.

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, აგრეთვე, დააკმაყოფილა შეუამდგომლობა "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენისა" და "ფრონტერა აშშ-ის" შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების გამოთხოვის თაობაზე და ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა. კონტრაქტის მიხედვით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა. 

 

 

დღის ამბები