ლეგენდარული ქართველი კომენტატორი კოტე მახარაძე უეფას ნომინანტებს შორის მოხვდა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხვადასხვა დროს კომენტატორების მიერ ნათქვამი საუკეთესო ფრაზები და მათ შორის მახარაძის ეს ფრაზაც მოხვდა: "ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა - თბილისელებმა ეს თასი მოიპოვეს" - ეს სიტყვები კოტე მახარაძემ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის დასრულების შემდეგ თქვა, როდესაც 1981 წელს თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა.
უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაშიც წერია, რომ ამ ფრაზის გამო მახარაძე საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა გამოკითხა, რომ გაეგოთ, რომელ "ქვეყანას" გულისხმობდა ის, რადგან ბევრმა ამ ფრაზაში საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა დაინახა.