რუხის საავადმყოფომ ფუნქციონირება დაიწყო. სამედიცინო დაწესებულებამ ცხელების სიმპტომებით სამი პაციენტი უკვე მიიღო.
კლინიკა მზადაა როგორც ცხელებით ასევე კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების მისაღებად.
სამედიცინო დაწესებულებას ამ დროისთვის 78 პაციენტის მიღება შეუძლია, თუმცა მიმდინარეობს დამატებით აღჭურვის პროცესი და კლინიკა საბოლოოდ 220 პაციენტის მიღებას შეძლებს.
"რეკორდულად მცირე ვადებში მოვახდინეთ საავადმყოფოს აღჭურვა თანამედროვე ტექნიკით და ასევე დაკომპლექტდება მაღალი დონის სპეციალისტებით, მათი 80-85% წარმოადგენს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კადრებს და ეს გუნდი მზად არის, რომ დაიწყოს საქართველოში და კონკრეტულად რუხში, იმ პაციენტების მიღება, ვინცა საეჭვო სიმპტომებითაა. ადგილზე მოხდება მათი ტესტირება და ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, ისინი ადგილზე გაივლიან მკურნალობს. პირველ ეტაპზე ანალიზებს აიღებენ ჩვენი თანამშრომლები და გადაგზავნიან ლაბორატორიაში, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება სპეციალური აპარატის ადგილზე ჩამოტანა და დამონტაჟება, რათა ადგილზე მოხდეს PCR ტესტირება," - განაცხადა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია აღნიშნავს, რომ რუხის საავადმყოფოს გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონისთვის, ასევე ქვეყნისთვის.
რუხის მრავალპროფილური კლინიკის დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალში ცხელების სიმპტომით 3 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ერთი კი მცირეწლოვანი ბავშვია.