"ადამიანები აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლნი არიან, რომელიც მათ საბჭოთა წარსულში დარჩენას აიძულებს" - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ცხინვალს მეორე სახელწოდებად "სტალინირი" ეწოდა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, არსებული ვითარება განსაკუთრებით ტრაგიკულია იმ ბავშვების გამო, რომელთაც პიონერების ყელსახვევებში ლენინისა და სტალინის დიდი პოსტერების ფონზე საბჭოთა დიდების სიმღერებს ამღერებენ.
"იმდენად აბსურდული და თავისთავად ყველაფრის მთქმელია ეს ე.წ. გადაწყვეტილება და სწორედ რომ სიმბოლური, იმდენად ღიად წარმოაჩენს საოკუპაციო რეჟიმის სახეს, რომ კომენტარის გაკეთება არც ღირს, რომ არ იყოს ტრაგიკულიც.
ამ ე.წ. გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება მსოფლიო რუკაზე, მაგრამ ტრაგიკულია იმ ადამიანების გამო, რომლებიც წლებია ცხოვრობენ მავთულხლართებით იზოლირებულ, ფაქტობრივად გაფართოებულ სამხედრო ბაზაზე და თან არიან აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლი, რომელიც მათ საბჭოთა კავშირში დარჩენას აიძულებს," - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.