დაგეგმვის მიუხედავად, ახალციხის აგრარული ბაზარი არც პირველი მაისიდან გაიხსნება.
ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბაზარს მუშაობა არ განუახლებია 27 აპრილიდან. მიზეზი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციებია, რომლის დაცვასაც, ბაზრის ხელმძღვანელის განცხადებით, მომხმარებელი ვერ ახერხებს.
დახურვიდან დღემდე სავაჭრო ცენტრში ჩატარდა დეზინფექცია, დახლები განთავსდა ერთმეტრიანი დისტანციით, ასევე დახურულ სივრცეში ჩატარდა შიდასარემონტო სამუშაოები, ეზო დაიხაზა და ავტომანქანებისთვის პარკირების ადგილი გამოიყო.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, პირველ მაისს, თბილისიდან სურსათის ეროვნული საგენტოსა და სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოვლენ და მხოლოდ მათი შეფასების შემდეგ გადაწყდება, როდის შეძლებს ახალციხის სავაჭრო ცენტრი მუშაობის გაგრძელებას.
ახალციხის ცენტრალური ბაზარი, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო, 29 მარტს 15 000 ლარით დააჯარიმეს.