კორონავირუსის პანდემიის პირობებში როგორ ხდება აქტიურ ნარკოდამოკიდებულებთან მუშაობა და იმ რისკების შემცირება, რომელიც მათ, როგორც რისკ-ჯგუფს ემუქრებათ. ამის შესახებ "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" პროგრამების დირექტორმა მაკა გოგიამ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
კითხვაზე როგორ მიმდინარეობს ამ პირობებში ჩანაცვლების პროგრამა და ხომ არ იქმნება შესაბამის დაწესებულებებთან რიგები მაკა გოგიამ განაცხადა, რომ ეპიდემიის დაწყების პირველ ეტაპზე რიგები იყო, თუმცა ამჯერად ეს დარეგულირდა და ბენეფიციარებს საფრთხე აღარ ემუქრებათ.
"თავიდან იყო, ერთ სერვისცენტრში 800-დან 1000 ადამიანამდე აკითხავდა, ამისთვის იყო შემუშავებული ახალი რეგულაცია, რაც განსაზღვრავს ჩანაცვლებით პროგრამაში მყოფი პაციენტისთვის 5 დღის დოზის გატანებას ერთჯერადად, ესეთი პრაქტიკა საქართველოში არ იყო აქამდე, არასამთავრობო ამას წლების განმავლობაში ითხოვდნენ, თუმცა ეპიდემიამ ეს მოიტანა და ეს რეგულაცია არსებობს. გარკვეულ საათებში შეუძლიათ მათ მისვლა, მათთვის განკუთვნილ დროს და ისინი 5 დღის დოზას სახლში წაიღებენ, ამით არის შემცირებული კონტაქტების რაოდენობა სხვა ბენეფიციარებთან და სამედიცინო პერსონალთან,"- განაცხადა მაკა გოგიამ.