სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთში, ირაკლი ქადაგიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში რეგიონში კორონავირუსის გავრცელების კუთხით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ნუკრიანში შესაძლო ინფიცირებულების ანალიზების პასუხები დღეს გახდება ცნობილი. სახელმწიფო რწმუნებულმა ისაუბრა ლაგოდეხის შემთხვევაზეც, სადაც ინფიცირებული პირის არცერთ კონტაქტს ვირუსი არ დაუდასტურდა.
"ეს ქალბატონი, როგორც ვიცი, თბილისში ექთნად მუშაობდა. ნუკრიანში მხოლოდ ერთი საათით იყო ჩამოსული. ჰქონდა კონტაქტი მეუღლესთან და მეზობლებთან - სამ ადამიანთან. ყველანი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მუდმივი კონტროლის ქვეშ. როგორ გითხარით, ანალიზები აღებული და გაგზავნილია და ველოდებით მის პასუხს. დადასტურების შემთხვევაშიც, აქ საქმე შედარებით კონტროლირებადია, რადგან ვიცით წყარო და ის წრე, 4 ადამიანი, ვისთანაც ხანმოკლე კონტაქტი არსებობდა.
თქვენ იცით, რომ ანალოგიური შემთხვევა გვქონდა ჩვენ რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სადაც ინფიცირებული ადამიანი ასევე თბილისიდან იყო ჩამოსული თავის პაპა-ბებიასთან. იქ ყველას ჩაუტარდა ტესტი და დადასტურებულად იქ არცერთს არ აღმოაჩნდა დადებითი პასუხი, ყველა პასუხი იყო უარყოფითი," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.