შესაძლოა თუ არა კახეთში გარკვეული ზონები ჩაიკეტოს - კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამის საჭიროება, ჯერჯერობით, არ არსებობს.
კახეთის გუბერნატორმა "დღის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში უკვე არსებობს შემუშავებული გეგმა,თუ რა ზომები უნდა იქნას მიღებული თუ ამის აუცილებლობა შეიქმნება.
"როგორც მოგეხსენებათ, უკვე გუშინწინვე, როდესაც ყვარელში დაფიქსირდა გაფართოვებული და მიზანმიმართული ტესტირებების შედეგად, რომელიც ყველაზე უფრო რისკის ჯგუფებს უტარდებათ, ეს არიან ექიმები, ეს არიან მოხუცებულთა სახლში მცხოვრებლები, შეზღუდული უნარის მქონე ადმიანების საცხოვრებლები და ა.შ., პოლიცია.
ჩვენ იმავე საღამოს შევიმუშავეთ სპეციალური გეგმა, გართულების შემთხვევაში როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რა ზომები უნდა მიგვეღო.
ეს გეგმა რა თქმა უნდა შეთანხმებული არის ცენტრალურ საოპერაციო შტაბთან და თუ ამის საჭიროება დადგებოდა, ჩვენ თანმიმდევრულად ყველა ნაბიჯს გადავდგამდით.
ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვის ან რაიმე დამატებითი მასშტაბური ღონისძიების აუცილებლობა არანაირად არ არის.
ის ადამიანები, რომლებიც იმ დადასტურებული შემთხვევების გამო მკაცრ თვითიზოლაციას ან კარანტინს ექვემდებარებოდა, იმავე დღეს, იმავე საათებში იქნა გადაყვანილი, ნაწილი კარანტინში, ნაწილი თვითიზოლაციაში, ვისაც ამის საშუალება ჰქონდა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.