05 სექტემბერი 2026,   07:14
ვრცლად
ჩვენი ზარალი თვენახევრის მონაცემებით 6 მილიონ ლარს შეადგენს - გამომცემლები მუშაობის აღდგენას ითხოვენ

კულტურის სფეროს მოღვაწეების შემდეგ ამჯერად დახმარებას და ანტიკრიზისულ გეგმას გამომცემლები ითხოვენ. ადრესატი ამჯერადაც კულტურისა და განათლების მინისტრია.

მიხეილ ჩხენკელსა და საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორის სახელზე საგანგებო განცხადება გავრცელდა, რომელსაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა აწერს ხელს.

"საგამომცემლო სივრცისთვის ყველანაირი სასუნთქი გზის გადაჭრას უმოკლეს დროში შეიძლება დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე დაიხურა წიგნის მაღაზიები, გამომცემლობებს ჩამოერთვათ საქმიანობის უფლება, აპრილის დასაწყისში კი მათ გადარჩენის ერთადერთი საშუალება - წიგნების ონლაინ გაიყდვაც აეკრძალათ.

მიუხედავად იმისა, რომ 27 აპრილიდან ონლაინ ვაჭრობა საქართველოში ოფიციალუორად აღდგა, დღემდე გამომცემელთა უმრავლესობა გაურკვევლობაშია.

საგამომცემლო საქიანობის აღდგენა ანტიკრიზისული გეგმის მხოლოდ მე-3 ეტაპზეა გათვალისწინებული. თვეზე მეტია აღარ გამოიცემა ახალი წიგნებიც. ზარალი 6 მილიონია, ერთ თვეში კი ზარალი გაორმაგდება. " - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ გვანცა ჯობავამ ისაუბრა.

"ჩვენი ზარალი უკვე თვენახევრის მონაცემებით 6 მილიონ ლარს შეადგენს და სამწუხაროდ, მომდევნო თვის ბოლოს ველოდებით გაორმაგებას. მდგომარეობა ურთულესია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სექტორი არის მცირე ბიზნესებისგან შემდგარი სექტორი, რომლისთვისაც ნამდვილად ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ეს ხანგრძლივი გაჩერება. აქედან გამომდინარე ჩვენ პირველი დღიდან მოვითხოვდით, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმდგარიყო სულ მცირე ონლაინ გაყიდვების ნაწილი იმიტომ, რომ ელემენტარული შემოსავლის წყარო გვქონოდა.

არ იყო დაკონკრეტებული ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. თქვენ იცით, რომ აპრილის დასაწყისიდან მიმდინარეობდა შემოწმება უსაფრთხოების ნორმებს რამდენად აკმაყოფილებდა ესა თუ ის კომპანია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან. როდესაც 27 აპრილს აღდგა ოფიციალურად ონლაინ გაყიდვა, არ იყო დაკონკრეტებული ის კომპანიები რა გეგმით წავიდოდნენ, რომლებსაც შემოწმება ჯერჯერობით არ გაუვლიათ. მათი ფაქტორი იყო გაურკვეველი. არ იცოდნენ უნდა აღედგინათ და შემდეგ შეამოწმებდნენ, თუ უნდა დალოდებოდნენ შემოწმებას.

ამიტომ, ჩვენ ვითხოვდით კონკრეტულ განმარტებას ამ მიმართულებით ყოფილიყო და აი ამაში მდგომარეობს ბუნდოვანება. მე პირადად არც ვიცი, რომ ეს სადმე გამოქვეყნებულიყო, სადაც აი ეს კონკრეტული დეტალი არის სწორად განმარტებული.

ჩვენს სექტორს დაკონკრეტებული აქვს ჩვენს გეგმაში, რომ ჩვენ მოვითხოვეთ საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლება არა მხოლოდ მუდმივი თანამშრომლების, არამედ მოწვეულისას. იმიტომ, რომ ჩვენი სექტორი უფრო მეტად მოწვეული თანამშრომლებისგან არის დაკომპლექტებული, რედაქტორები, დიზაინერები. მათი ანაზღაურება არის დამოკიდებული მათი მუშაობის მოცულობაზე და იქიდან გამომდინარე, რომ დღეს სექტორი სრულად გაჩერებულია," - განაცხადა გვანცა ჯობავამ.

დღის ამბები