ონლაინ კაზინო "ევოლუშენ გეიმინგიდან" გათავისუფლებული 14 თანამშრომელი სამართლებრივ დავას იწყებს. მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.
მათ უფლებებს სასამართლოში "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" დაიცავს.
"ჩვენ ვდაობთ სასამართლოში და ჩვენი კოლექტიური სარჩელი, რომლითაც ჩვენ წარმოვადგენთ უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების ინტერესებს სასამართლოში, უკვე იქნა მიღებული წარმოებაში და აუცილებლად დავამტკიცებთ იმ კანონდარღვევას, რომლითაც მოხდა გათავისუფლება," - აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი.