19 აპრილი 2024,   10:31
ვრცლად
"ჩემი მეუღლე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა და წაყენებული მუხლი უსამართლოა" - გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმე

გუდაურში, დაახლოებით 2 თვის წინ მომხდარი სისხლიანი გარჩევის მონაწილეებს ბრალი წარედგინათ და დაუმძიმდათ. საქმეზე მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მერაბ კობიაშილს ბრალდება დაუზუსტდა. განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული მერაბ კობიაშვილისთვის წაყენებულ ახალ ბრალს მისი ოჯახი არ ეთანხმება. მათი თქმით, მტკიცებულებები არ არსებობს.

ასევე, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარედგინა. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც თავდაპირველად სათვალთვალო კამერებიდან გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს მერაბ კობიაშვილს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან. რაც შეეხება 6 პირის ბრალდებას, ცნობილი ხდება, რომ ამ 6 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. აღნიშნული ჯგუფური ძალადობის საქმეში მერაბ კობიაშვილი დაზარალებულად ცნეს.

რაც შეეხება სასტიკი დაპირისპირების მოტივებს, საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მერაბ კობიაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 19 წლის ახალგაზრდას, რის შემდეგაც 19 წლის ახალგაზრდამ დახმარების მიზნით მის მეგობრებს დაუძახა და ეს იყო შურისძიების მომენტი, როდესაც 6 ადამიანი მერაბ კობიაშვილს თავს დაესხა.

"კურიერი" მის მეუღლეს ესაუბრა, რომელიც მტკიცებულებების არ არსებობაზე საუბრობს. ნატა ქიტესაშვილის თქმით, მისი მეუღლე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა და იმის ნაცვლად, რომ მუხლი შეემსუბუქებინათ, დაუმძიმეს. მისი თქმით, აღნიშნული მუხლით ბრალდება, რომელიც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება, სრულიად არასამართლიანია.

"იმყოფებოდა ჩემი მეუღლე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და ეს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს 16-დან 20- წლამდე ან უვადო პატიმრობას, სრულიად არასამართლიანად არის და იმის ნაცვლად, რომ შეემსუბუქებინათ მუხლი, კიდევ დაუმძიმეს. სიურპრიზი იყო ისეთი, რომ არ ვიცი. ამის ფაქტები არ არის. ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მერაბ კობიაშვილმა სცემა, ამბობს, რომ ისეთ ადგილას გაიყვანა, სადაც ვიდეოკამერები არ არის და ცემა.

რისი ფაქტებიც და ჩანაწერებიც არის, რომ ჩემი მეუღლის ცემაზე ბრალი არავის აქვს წაყენებული. თუმცა როგორც წუხელ გავიგე, ადვოკატმა დამირეკა, ვფიქრობო, რომ წაუყენებენ ბრალს იმათაცო, რაც მისასალმებელი იქნება," - აცხადებს მერაბ კობიაშვილის მეუღლე.

დღის ამბები