18 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
საპატრიარქო ვერ ჩაერევა - ანდრია ჯაღმაიძე ყინწვისის მონასტერში მომხდარ დაპირისპირებაზე

ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე რაიმე სახის გადაწყვეტილება თავად ეპარქიაში უნდა მიიღონ. ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან  ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დასმულ კითხვას, მიიღო თუ არა საპატრიარქომ რაიმე გადაწყვეტილება ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდართან დაკავშირებით. ჯაღმაიძის განმარტებით, საპატრიარქო ამ საკითხში ვერ ჩაერევა.

"ჯერ თავად ეპარქიაში უნდა იქნეს რამე გადაწყვეტილება მიღებული. საპატრიარქო ამაზე ვერ იმსჯელებს. საპატრიარქო ვერ ჩაერევა ამაში, ეს შესაძლებელია ან თავად ეპარქიის მღვდელმთავარმა, ან სინოდმა გააკეთოს. ეპარქიის ხელმძღვანელს შეუძლია სინოდზე გამოიტანოს ეს საკითხი,"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გარჩევის ფაქტზე სასულიერო პირი დააკავეს. დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. მამა დავითს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დღის ამბები