მკვლელობა და თვითმკვლელობა გურიაში, სოფელ ნიგვზიანში დღის პირველ ნახევარში მოხდა. მამაკაცმა, რომელმაც ერთი გასროლით მეზობელი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა. ერთადერთი ვერსია, რაზეც ახლა სოფელი საუბრობს, შემთხვევით გასროლილი ტყვიით მომხდარი ტრაგედიაა. იმ მამაკაცის, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ოჯახი ამბობს, რომ ის მონადირე და კარგი მსროლელი იყო. ცეცხლსასროლ იარაღს, სავარაუდოდ, ფრინველს უმიზნებდა, თუმცა ბრმა ტყვია გავარდა და ადგილზევე მოკლა, თავად კი შოკისგან თავი იქამდე მოიკლა, სანამ გაიგებდა გარდაცვლილი ადამიანის ვინაობას.
ბრმა ტყვიით გარდაცვლილი შუახნის მამაკაცი სოფელ ნიგვზიანში მცხოვრები მარტოხელა იყო, ოჯახის წევრებიდან მხოლოდ მამიდაშვილი ჰყავს, რომელმაც შემთხვევის შესახებ დეტალები არ იცის. "კურიერთან" ამბობს მხოლოდ იმას, რომ გარდაცვლილები ერთმანეთის კარგი მეგობრები იყვნენ.
გარდაცვლილებს შორის რაიმე დაპირისპირებაზე ვერ საუბრობენ ვერც სოფელ ნიგვზიანის მცხოვრებლები. ადგილობრივები მეზობლებს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ შემთხვევა მთელი სოფლისთვის მოულოდნელი იყო.
გარდაცვლილები გვიან ღამით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან საცხოვრებელ სახლებში გადაასვენეს. მათ ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ, ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს 108-ე, განზრახ მკვლელობის, მუხლით იძიებს.