ადვოკატი თამარ აბესაძე, რომელიც იმ "კანონიერი ქურდების" უფლებადამცველია, რომლებიც პრეზიდენტს სასამართლოში უჩივიან, აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფებს მოქალაქეობა კანონდარღვევით ჩამოართვა.
ადვოკატის მტკიცებით, მოქალაქეობის ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მისივე მოსაზრებით, ეს ყველაფერი ემსახურება მიზანს, რომ "კანონიერი ქურდების" საქართველოში დეპორტაციას ხელი შეეშალოს.
"როდესაც იღებ გადაწყვეტილებას და მოქალაქეობას ართმევ შენი ქვეყნის მოქალაქეს, აუცილებლად უნდა გქონდეს იმ სახელმწიფოდან მოწერილი, დადასტურებული, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ, მაგალითად, ილო სამსონიამ მიმართა იტალიის სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების მიზნით. ადმინისტრაცია ვალდებულია, ბოლომდე გამოიკვლიოს, მისი ქვეყნის მოქალაქემ უარი თქვა მოქალაქეობაზე და იმიტომ ართმევ მოქალაქეობას?! ასეთი დოკუმენტაცია არ არსებობს. სასამართლოში სწორედაც რომ დავაყენეთ შუამდგომლობა ამასთან დაკავშირებით და სასამართლო დაავალებს ახლა პრეზიდენტს, რომ წარმოადგინოს სრული მასალა, გამოკვლეული ინფორმაციები, სწორია თუ არა მის მიერ გაცემული განკარგულება მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ეს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის, ეს არის უსაფრთხოების სამსახურის, სამართალდამცავი ორგანოების, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ბნელი გეგმა, რომელიც არ ჩანს არსად და რომლითაც ხელი შეეშლება ამ ე.წ. კანონიერი ქურდების დეპორტს საქართველოში,"- განაცხადა თამარ აბესაძემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. "კანონიერი ქურდები" ილია სამსონია და დავით გერლიანი საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევას ედავებიან. სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე კვირის წინ შევიდა.