11 სექტემბერი 2026,   07:11
ვრცლად
ქალი, რომელიც ორი წელია შვილებზე ძალადობისთვის სასჯელს იხდის, შესაძლოა უდანაშაულო იყოს

უდანაშაულოა თუ არა დედა, რომელიც უკვე 2 წელია საკუთარ შვილებზე ძალადობის გამო ციხეში სასჯელს იხდის - დაკავებული ქალის ადვოკატი ზაქარია გვიშიანი ახალ გარემოებებზე საუბრობს, რომელიც საქმეს რადიკალურად ცვლის.

უფლებადამცველის მტკიცებით, რეალურად დამნაშავე მამაა და ის ამჟამად მეუღლეზე ძალადობის გამო პატიმრობაშია.

როგორც ახალი გარემოებებიდან ირკვევა, შვილებზე მოძალადე შესაძლოა მამა იყოს. ადვოკატის ინფორმაციით, ბავშვებმა ჩვენება შეცვალეს და განაცხადეს, რომ მათ დედის წინააღმდეგ ჩვენებას მამა აიძულებდათ.

"როგორც მაქვს ინფორმაცია, უკვე მიიღო აპელაციამ გადაწყვეტილება და საკმარისად არ ჩათვალა, როგორც ახლადგამოვლენილი გარემოება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება. სასამართლოს აინტერესებს, რამდენად დადასტურდება, რომ მსჯავრდებული, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ყოფილი მეუღლე, ბავშვების მიმართ ზემოქმედებას ახორციელებდა.

უნდა დადგინდეს ეს ფაქტი, რომ ბავშვებზე ახდენდა ზემოქმედებას და ბავშვებზე ძალადობდა. ამაზე ჯერ განაჩენი არ არის დამდგარი. აუცილებლად, როდესაც ეს დადასტურდება სასამართლოს მიერ, კანონით დადგენილი წესით მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს. აშკარაა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ განუხორციელებია არანაირი ძალადობა თავის შვილებზე," - განაცხადა ზაქარია გვიშიანმა.

რაც შეეხება ბრალდებული მამაკაცის ადვოკატს, უფლებადამცველი ალექსანდრე ამირხანაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია.

"ეს არის მტკნარი სიცრუე, რომ მამამ თითქოს ძალით მიაცემინა ბავშვებს ჩვენება. ბავშვებმა არაერთი ჩვენება მისცეს სოც. მუშაკის თანდასწრებითაც, ფსიქოლოგის თანდასწრებითაც, რომლებიც ცალსახად ერთი და იმავე გარემოებას ადასტურებდნენ.

ეს საქმე ჩემმა ვაი კოლეგებმა გამოძიებისთვის ყალბი ჩვენებებით გააჯერეს. რაც ყველაზე ამაზრზენია ამ საქმეში, მათ გამოიყენეს ბავშვები შურისძიების იარაღად," - აღნიშნა ალექსანდრე ამირხანაშვილმა.

შვილებზე ძალადობის მუხლით დაკავებულ დედას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ბავშვები ახლა დაკავებული ქალის მშობლების სახლში იზრდებიან. მათი მამის სასამართლო პროცესი კი, 21 მაისს არის ჩანიშნული.  

დღის ამბები