გიორგი რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვლი გიორგი რურუასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ეს ყველაფერი გიორგი რურუას პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებას უკავშირდება მისი პატიმრობაში დატოვების არანაირი საფუძველი არ არსებობს, რაც ბოლოს დაკითხული მოწმეების ჩვენებებიდანაც დასტურდება.
“სამწუხაროდ, სასამართლომ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებით, იმიტომ რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა და ეს დადასტურდა ბოლოს დაკითხული მოწმეების ჩვენებებითაც. ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც დღეს პატრულის თანამშრომელმა განაცხადა, იყო ის, რომ მას უთხრა ხელმძღვანელმა, რომ არ გაეკეთებინა სამხრე კამერები, ანუ განზრახ არ მოხდა სამხრე კამერის გაკეთება, რათა ვიდეოზე არ დაფიქსირებულიყო გიორგი რურუას უკანონო დაკავება და მისთვის იარაღის ჩადება,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
პროკურორი, ვასილ სამხარაძე ამბობს, რომ სასამართლომ სხვადასხვა გარემოებებზე მსჯელობის შედეგად გადაწყვიტა, რომ გიორგი რურუა პატიმრობაში დაეტოვებინა.
"ბრალდების მხარეს დაკითხული ჰყავს, დღეის მდგომარეობით, უკვე 15 მოწმე და 24 მოწმე კვლავაც დასაკითხია. მოცემულია კონკრეტული მოწმეების ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტაცია, თვითონ კანონსაწინააღმდეგო ნივთებია ამოღებული და ასევე არის ბიოლოგიური ექსპერტიზის და ბალესტიკური ექსპერტიზის დასკვნები. სასამართლომ მოცემული გარემოების მსჯელობისას ჩათვალა, რომ ეს საფრთხეები ნამდვილად რეალურია, შეაფასა და დატოვა პატიმრობაში,“ - განაცხადა ვასილ სამხარაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.