18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
განახლებული ბორდერიზაცია ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარედ - საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ინსტალაციები აღმართა

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. შეიცვალა ადრე არსებული მავთულხლართები და აღიმართა დამატებითი უკანონო ინსტალაციები.

აგრესიის მოძველებული ფორმით საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ხურჩას მისადგომებთან ძველ უკანონო მონიშვნებზე ახალი ბარიერები აღმართა. ეს კი ადგილობრივებისთვის უფრო მკაფიოს ხდის, რომ საფრთხე მეზობლისგან ყოველდღიურად ახალ მასშტაბებს იძენს და ამისთვის ახორციელებს უკანონო სამუშაოებს, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი აჩერებს.

იმის გარდა, რომ მიტაცებული ტერიტორიები გამოყოფილია ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებით, ადგილზე დაიწყო მიწის თხრაც, რათა მოსახლეობას გაუჭირდეს გადაადგილება ტერიტორიაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და ახლა მოულოდნელად უთხრეს, რომ მათი აღარაა.

სოფელი ხურჩა დღეს არ იყო ერთადერთი დასახლება, რომლის ე.წ. საზღვრებთან დილიდან საოკუპაციო რეჟიმი საკუთარ კვალს აახლებდა. სოფელ განმუხურთან, იქ, სადაც მოსახლეობა მუდმივად დამატებითი ტერიტორიების დაკარგვის მოლოდინშია, რუს სამხედროებს ზომები გამკაცრებული აქვთ.

რუსეთს საკუთარ გეგმებზე უარი ვერც მსოფლიო პანდემიამ ათქმევინა. მიუხედავად დიდი გამოწვევისა, ის მაინც აგრძელებს გამოცდას - როგორ შეხვდება მორიგ პროვოკაციას თბილისი და როგორი იქნება მასზე საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია.

ვითარების ესკალაციის საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლებას ბევრი არაფერი შეუძლია. საქმის შესახებ ცნობილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის და ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.

დღის ამბები