სასამართლო ამ წუთებში იმ 13 პირის საქმეზე მსჯელობს, რომლებიც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და მათზე მიმართვისთვის დააკავეს. მათი პატიმორბის კანონიერებას და აღკვეთის ღონისძიების ფორმას მოსამართლე განსაზღვრავს.
დაკავებულთა ნაწილის უფლებადამცველები აპირებენ, რომ დღეს მოსამართლეს გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულთა გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართონ. ადვოკატების ნაწილი კი აპირებს შუამდგომლობის დაყენებას, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩნენ, ვინაიდან მათ ხელთ არსებული მასალებიდან გამომდინარე, საქმეში არ იკვეთება მასალები, რომლებიც მათ ბრალეულობას დაადასტურებს. ადვოკატები საქმის დეტალებზე მხოლოდ მას შემდეგ აპირებენ საუბარს, რაც საქმის მასალების სრულად ჩბარდებათ.
"ჩავიბარეთ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალები და ნებისმიერი ადამიანი მაგ მასალებს რომ გაეცნობა, ჩანს, რომ ერთი მტკიცებულებაც კი არ აქვს იმისა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნებისთვის თუნდაც ბრალი წაეყენებინათ. დაველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ ვიცი რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. ჩვენ ალტერნატივის სახით გირაოს ვითხოვთ," - აცხადებს ადვოკატი ცოტნე ტყებუჩვა.
საპირისპირო არგუმენტები აქვთ ბრალდების მხარეს და ისინი ამბობენ, რომ დღეს მოსამართლის შუამდგომლობით მიმართავენ, რომ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვონ.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლო განიხილავს აღნიშნული პირების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს, ასევე განსაზღვრავს მათ მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღს. მოგეხსენებათ, რომ ეს პირები დაკავებულნი არიან ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ქურდული სამყაროს წევრისა და კანონიერი ქურდის მიმართვისათვის ბრალდებით. ასევე ქურდული საქმიანობის მხარდაჭერისა და ძალადობის ბრალდებებით. ყველა მათგანის მიმართ, ბრალდების მხარე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს," - განაცხადა პროკურორმა ირინა ჩოჩიამ.
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის, მიმართვისთვის და ძალადობისთვის ბრალდებულია სულ 14 პირი, მათგან დაკავებულია 13, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
დაკავებულების ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს, ნაწილი კი იყენებს დუმილის უფლებას. გამოძიებით დადგენილია, რომ ბიზნესმენი ბადრი ავდოაინი ორჯერ დაატყვევეს და მას კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირების შუამავლობით დიდი ოდენობით თანხებს სძალავდნენ. ამ საქმეზე გამოძიება 29 თებერვალს დაიწყო და სამთვიანი პროცესის შემდეგ პოლიცია დანაშაულის სამი ეპიზოდის კვალზე გავიდა.
ერთ-ერთ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს გია ღოღელიანს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარედგინა და მასზე ძებნაც გამოცხადდება.