18 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა - რა მოხდა ბათუმში

ბათუმში, რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების ახლობლებმა ვერ მიიღეს პირობა, რომ სავარაუდო დამნაშავეები გათავისუფლდებიან.

აჭარის მთავრობის სახლთან დაწყებული პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებაში იმ დროს გადაიზარდა, როდესაც შეკრებილები არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების მითითებას და მათ სავალი გზის გადაკეტვა სცადეს.

მთავრობის სახლიდან, იუსტიციის სახლის მიმართულებით მსვლელობის დროს საავტომობილო მოძრაობა სრულად იყო პარალიზებული წერეთლის ქუჩაზე. ფიზიკური დაპირისპირების დროს, პოლიციამ 30 პირი დააკავა. აქციის მონაწილეები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს არ აძლევდნენ საშუალებას, რომ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევები ტერიტორიიდან პოლიციის განყოფილებაში გადაეყვანათ.

პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ბრალდებულის ახლობლები ითხოვდნენ, რომ დაკავებულებს საპატიმრო დაწესებლება რაც შეიძლება მალე დაეტოვებინათ.

ოჯახის ამ პოზიციის საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის ბოლოს გაასაჯაროვა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რის გამო დააკავეს რევაზ წულუკიძე და ელდარ ანთაძე 7 მაისს. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, კადრებში დაკავებულები ფიგურირებენ, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

ამ ფაქტის გამო დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია აჭარის მთავრობის სახლთან დღის სამ საათზე დაიწყო. წულუკიძისა და ანთაძის ოჯახის წევრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეხვდნენ, თუმცა, აქციის მონაწილეების თქმით, შეხვედრა უშედეგო იყო, რის გამოც დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ორი ბრალდებულის მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა. ისევე როგორც ახლა, 9 მაისის შეკრებაც რამდენიმე ადამიანის დაკავებით დასრულდა. მაშინ წულუკიძე-ანთაძის ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც ორივე დაკავებული პატიმრობაში დარჩა.

დღის ამბები