ორი თვის განმავლობაში გაჩერებული მაღაზიები საქართველოში დღეიდან იხსნება. ღია ტიპის სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული სახის ბაზრობები, მოლები და ღია სივრცის რესტორნები მუშაობას იწყებს.
თუმცა არის შეზღუდვები და რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც ობიექტის მფლობელისა და მომხმარებლისთვის სავალდებულოა. რესტორნებში ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ შეიძლება; მაგიდებს შორის მანძილი ორ მეტრზე, სკამების საზურგეებს შორის კი ერთ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
რაც შეეხება ტანსაცმლის მაღაზიებს - გაუქმებულია გასასინჯი ოთახები. მყიდველს ტანსაცმლის სახლში სამი დღის ვადით წაღება შეეძლება, მისი დაბრუნების შემთხვევაში კი მას დეზინფექცია ჩაუტარდება.
ძალაში რჩება დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება. ასევე დღეიდან განახლდება ყველა სახის სერვისი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
ავტორი: ნათია გოგიშვილი