19 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
"არანაირი სურვილი არ გვაქვს ეკონომიკის კვლავ ჩაკეტვის" - პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, ნიღბები ატარონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოქალაქეებს თავშეყრის ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარებისკენ მოუწოდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მსოფლიო პანდემიის პირობებში ცალკეულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება შეუძლებელია და გამოსავალი მისი მუდმივი კონტროლია.

"მოგეხსენებათ, დღეს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება. ფაქტია, რომ ყველაფერი ეს იწვევს ქვეყანაში, ქალაქში მოქალაქეების მობილობის ზრდას, რაც, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების მეტ რისკს ქმნის. ბოლო დღეების განმავლობაში, დღეს გვაქვს 11 ახალი ინფიცირების შემთხვევა, გუშინ გვქონდა 26, გუშინწინ 9. ეს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია. საერთოდ, შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის გლობალური პანდემია. 

ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი დროსა და სივრცეში. ბოლო ორ დღეში ქვეყანაში გაჩნდა ორი ახალი კლასტერი - თბილისსა და მარნეულში. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა. მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა.

ჩვენ იძულებული ვართ, რომ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ და არ გვაქვს არანაირი სურვილი უკან დაბრუნების, ეკონომიკის შემდგომი გადაკეტვის,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები