საპატრიარქო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში იმ მიწის საკუთრებაში გადმოცემას ითხოვს, რომელზეც ტაძარია აშენებული.
ტაძრის მშენებლობა სოფელ გვარაში 3 წლის წინ, ადგილობრივი წარმომავლობის რუსეთში მოღვაწე მეცნიერის, გულადი გოგმაჩიძის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. დასრულებული ტაძრის კურთხევა კი შარშან საზეიმოდ გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის
წარმომადგენლები და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, მირიან ქათამაძეც ესწრებოდნენ.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტაძარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწაზე სამშენებლო ნებართვის გარეშე აშენდა, დღეის მდგომარეობით კი საქართველოს საპატრიარქო ამ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს.
ტაძრის მშენებლობის ნებართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქობულეთის მერიას უნდა გაეცა. გვარას მცხოვრებლების განცხადებით ტაძარი გასული წლის 6 მაისს გიორგობის დღესასწაულზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აკურთხა და მას შემდეგ ის ფუნქციონირებს. ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს ტაძარი დაკეტილი დახვდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო მიწის ნაკვეთისა და მშენებლობის ნებართვის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.