ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ოჯახის წევრები და ადვოკატი დღეს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდებიან. სწორედ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა საპროტესტო გამოსვლები ბათუმში. გორაძის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, თურქეთში მყოფი ლავასოღლი გათავისუფლდეს საექსტრადიციო პატიმრობიდან, ან მისი ექსტრადირება მოხდეს. მათივე მტკიცებით, მინდია გორაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"იმედი მაქვს, შეხვედრა იქნება ნაყოფიერი და არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის. ასევე, იმედს გამოვთქვამ, რომ ექსტრადაციის საკითხი გადაიჭრება და იმ ადამიანებს, რომლებიც შიმშილობენ, შიმშილობა აღარ მოუწევთ. ბატონმა შოთაძემ მიიღო გადაწყვეტილება, მას სურვილი აქვს, რომ მე ინტერესების დამცველს და ასევე ოჯახის წევრს შეხვდეს და გააცნოს ის გეგმა, თუ როგორ აპირებენ მინდია ლავასოღლის ექსტრადაციას ან როგორ მოახდენენ ე.წ. მესამე ქვეყანაში გაშვებას,"-განაცხადა მინდია გორაძის უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ.
მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით, გორაძის ახლობლები უკვე რამდენიმე დღეა ბათუმის იუსტიციის სახლთან შიმშილობენ. გასულ კვირას აქციაზე პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ცხრა პირიც დააკავეს. მოგვიანებით, სასამართლომ მათ ჯარიმა შეუფარდა.