18 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
გორში 18 წლის მამაკაცის ცემის ფაქტზე ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები გამოიკითხნენ

გორში 18 წლის მამაკაცის ცემის ფაქტზე ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები გამოიკითხნენ. პოლიციაში იმყოფებოდნენ ახალგაზრდების მშობლებიც. არც ერთმა მათგანმა "კურიერთან" ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. 

ცოტა ხნის წინ ჩხრეკა ჩატარდა სოფელ ვარიანში, სპორტსმენ გიორგი კანდელაკის სახლშიც. გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები სწორედ ახალგაზრდა მამაკაცის ცემის ფაქტს უკავშირდება. ვრცელდება ცნობები, რომ ჩხუბში გიორგი კანდელაკის შვილი, თარაშ კანდელაკი ფიგურირებდა. "კურიერის" ინფორმაციით, დაიკითხნენ ოჯახის წევრებიც, თუმცა ისინი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.

ჯერჯერობით უცნობია, ამოიღეს თუ არა სამართალდამცველებმა ჩხრეკისას რაიმე ნივთმტკიცება. "კურიერი" გაესაუბრა ერთ-ერთ პოლიციელს, რომელმაც დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გასულ ღამეს დაიწყო, რესტორან "ჟოზეფში", რომლის მფლობელი სწორედ სპორტსმენი გიორგი კანდელაკია. თვითმხილველების ცნობით, ჩხუბში 25-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ინციდენტში მონაწილე, 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო, მათ შორის სახის ძვლებისა და ფუძის მრავლობითი დაზიანება. ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ახალგაზრდა გამთენიისას "გორმედში" შეიყვანეს, თუმცა შემდეგ ვითარების მკვეთრი გაუარესების გამო თბილისის კლინიკა "ჯერარსში" გადმოიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.

დღის ამბები