პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფერმერებთან შეხვედრისას სოფლის მეურნეობის დარგის პერსპექტივაზეც ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ის დახმარება, რომელიც დარგისთვის არის გამოყოფილი, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი, თუმცა ქვეყანა ვალდებულია თავისი რესურსი თანაბრად გადაანაწილოს ყველაზე, ვისაც ეს სჭირდება.
პრემიერმა ფერმერებს თხოვნით მიმართა, შესთავაზონ ისეთი იდეები, რაც მათი აზრით, დარგის განვითარებისთვის სასარგებლო იქნება.
"ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს. არ არის მარტივი - მიწები ძალიან დაქუცმაცებულია, ზოგან წყლის და ცოდნის პრობლემაა, მაგრამ ნელ-ნელა აქეთკენ უნდა წავიდეთ, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს, თუმცა ვერ მოხდება ეს ერთ დღეში.
დაახლოებით 300 მილიონია სოფლის მეურნეობის დახმარების ბიუჯეტი. მესმის, რომ კიდევ უფრო მეტია საჭირო, მაგრამ მთავრობის ამოცანა მარტივია - ის რესურსი, რომელიც გააჩნია პატარა ქვეყანას სუსტი ეკონომიკით, მაქსიმალურად სამართლიანად გადაუნაწილოს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება. დღეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.
სახელმწიფო ვალდებულია და პასუხისმგებლობა აქვს იმაზე, რომ პირველ რიგში, დაეხმაროს სოციალურად დაუცველებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც დახმარება პირველ რიგში სჭირდება. ჯანმრთელ, განათლებულ, ნასწავლ ადამიანს, რა თქმა უნდა, უნდა შეუქმნას პირობები იმისთვის, რომ ის ჯერ თავის თავს მიეხმაროს და შემდეგ სხვებსაც დაეხმაროს,"- განაცხადა პრემიერმა ფერმერებთან შეხვედრისას.