25 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
სტუდია "ილუსტრატორმა", TBC ბანკმა და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ბავშვებისა და მშობლებისთვის "მხიარული თავგადასავლების მუზეუმი" შექმნეს

პანდემიის დროს ბავშვებისა და  მშობლებისთვის სტუდია "ილუსტრატორმა", TBC ბანკმა და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა "მხიარული თავგადასავლების მუზეუმი" შექმნეს. შემეცნებით-გასართობი პროექტის მიზანი ახალი თაობისთვის მუზეუმის სივრცეში დაცული კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე გზით გაცნობაა. ბავშვებს ამ ილუსტრაციების ჩამოტვირთვა და ონლაინმუზეუმში სტუმრობა საკუთარი სახლებიდან შეეძლოთ. ნაკრები აერთიანებს შემოქმედებით სავარჯიშოებს, რომლებიც თემატურად მუზეუმში დაცულ კოლექციებს, ექსპონატებსა და ისტორიებს მოიცავს.

სტუდია "ილუსტრატორმა" ახალი თაობისთვის ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა ამ ფორმით გადაწყვიტა. სანამ მუზეუმები დაკეტილია, შემოქმედებითი სავარჯიშოების ჩამოტვირთვა ელექტრონული ფაილის მეშვეობით მშობლების დახმარებითა და მათი მონაწილეობით არის შესაძლებელი. სწორედ ერთობლივი თამაშის ფორმასა და პროცესზეა აგებული "მხიარული თავგადასავლების მუზეუმი". 

თითოეული აქტივობა პატარებს სხვადასხვა ტექნიკის ათვისებაში ეხმარება. დავალებას თან ახლავს ბავშვებისთვის ადაპტირებული, შემეცნებითი ტექსტებიც.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საქართველოს ეროვნული მუზეუმი განსაკუთრებით აქტიურად გეგმავს პატარებისთვის საინტერესო პროექტების განხორციელებას. სულ მალე ბავშვებს მხიარული თავგადასავალი უკვე მუზეუმში ელოდებათ.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები