05 სექტემბერი 2026,   09:49
ვრცლად
დღეს პარლამენტში კანონპროექტს პირბადის ტარების შესახებ მესამე მოსმენით უყრიან კენჭს

დღეს საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით უყრიან კენჭს კანონპროექტს პირბადის ტარების შესახებ. სავარაუდოდ, მას დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერაც ექნება, რის შემდეგაც პარლამენტი დოკუმენტს ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, კანონი კვირის ბოლოს, ან მომდევნო კვირაში უკვე ამოქმედდება.

"წესით, დღეს ჩვენ ეს პროექტი მესამე მოსმენით უნდა მივიღოთ, რომელიც უნდა გადაეგზავნოს პრეზიდენტს და მის მიერ ხელმოწერისთანავე, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. შესაძლებელია, ეს იყოს ამ კვირაშივე, ან მომდევნო კვირის დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იღებენ სერვისს, მომსახურებას, ეწევიან სავაჭრო საქმიანობას ამ დროს, დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება აუცილებელია. ასევე, სავალდებულოა პირბადის ტარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით გადაადგილებისას,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც ცნობილია, პირბადის არქონა საჯარო დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში 20 ლარით, იურიდიული პირის კი 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ახალი რეგულაციებით, შესაძლოა, დაიშვას გამონაკლისებიც. კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიცია.

დღის ამბები