თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ, ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური ვითარება საგანგაშო არ არის. თუმცა, მარინა ეზუგბაიამ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია თვითკონტროლის შენარჩუნება და რეგულაციების ჯეროვნად შესრულება, რათა სიტუაციის კონტროლირება შესაძლებელი იყოს.
"ერთნიშნა ციფრები არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, ერთნიშნა ციფრების მოვლა თავისუფლად შეიძლება და ქვეყანაში უნდა მოხდეს სტაბილიზაცია, არ უნდა მოხდეს გაუარესება. თუმცა, ამის თქმა ასე კატეგორიულად შეუძლებელია მაგრამ გარკვეულწილად გვაქვს იმედი, რომ დაავადებათა კონტროლის მუშაობა, რომელიც აქამდე იყო ფანტასტიკურად კარგად წარმოებული, ასევე გაგრძელდება, წყაროებს მოიძიებენ და ეს ნიშნავს, რომ მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეული იქნება და გადავლახავთ ამ სიტუაციას.
დიდი სურვილი მაქვს, შენარჩუნდეს ქვეყანაში მიღწეული სტაბილიზაცია და ამისთვის თითოეული ჩვენგანის მაღალი პასუხისმგებლობაა აუცილებელი. მიუხედავად რეგულაციების შესუსტებისა ჩვენი თვითშეზღუდვები არ უნდა შევასუსტოთ,"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიამ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
"ამ ეტაპზე, კლინიკაში მკურნალობს 38 დადასტურებული პაციენტი. კვლავ გვყავს მძიმე ორი პაციენტი პნევმონიით და მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილური არ არის. დაავადება გარკვეულწილად პროგრესირებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრესირება არ იქნება ძალიან მძიმე და სწრაფი, დაემორჩილება მკურნალობას, რომ მომავალში პროგნოზი იყოს კეთილსაიმედო,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.