52 წლის გარიკ გევორქიანის ცხედარი სამართალდამცველებმა ლიანდაგიდან ერთი მეტრის დაშორებით იპოვეს. შუახნის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გულმკერდის არეში, საკუთარმა ნათესავმა შურისძიების ნიადაგზე მიაყენა. სროლის ხმა პაატა ჯანელიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა დილის 8 საათზე გაიგეს.
როგორც დანაშაულის თვითმხილველები "კურიერთან" იხსენებენ, დაპირისპირებაში 2-ზე მეტი პირი მონაწილეობდა. მათივე ინფორმაციით, გევორქიანს საკუთარ სახლში რამდენიმე ადამიანმა მიაკითხა და ის ბინიდან მოტყუებით გაიყვანეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო შუახნის მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რაც მკვლელობით დასრულდა. ერთ-ერთი ვერსიით, რომელზეც გამოძიება უკვე აქტიურად მუშაობს, დაპირისპირებულ მხარეებს უკვე წლებია ერთმანეთთან დავა მიწის ნაკვეთზე აქვთ.
სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პირი, რომელიც პოლიციამ მოგვიანებით ვაზისუბნის დასახლებაში დააკავა, ცოლაკ აივაზიანია. 55 წლის მამაკაცის სახლიდან პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოიღო.
ერთ-ერთი ვერსიით, იყო ორმხრივი სროლაც. ტყვიის კვალი ეტყობა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსაც. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები 8 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ფაქტს ჰყავს პირდაპირი მოწმეები, რომლებიც დანაშაულის ადგილზე ერთი-ერთი ბავშვის ყვირილის ხმამ მიიყვანა.
გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. დაკავებულ 55 წლის ცოლაკ აივაზიანს კი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.