სამშენებლო კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" დაზარალებულებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს.
როგორც აქციაზე დაზარალებულების ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, ის გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მოუწოდებს, შეასრულოს დანაპირები და თაღლითური საქმის მონაწილე ყველა პირი დააკავონ.
"სამარცხვინო შოთაძე დაბრუნდა გენერალურ პროკურატურაში და პირობა დადო, ძველი საქმეები უნდა გამოვიძიოო. მოვიდა ეს ხალხი და ეუბნება, წელიწადნახევარია საჩივარი მაქვს შემოტანილი. "ოლიმპიური ვარსკვლავის" ჯგუფურ თაღლითობაში მონაწილე ყველა პირი დააკავეთ, სასამართლო განაჩენი დადგენილია, რომ ზაზა რაზიკაშვილმა მიითვისა 28 მილიონი, მაგრამ იქ იყვნენ ჯგუფის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები, ასანიძე, ზვიადაური და ფინანსური დირექტორი გერგედავა - ყველა ესენი უნდა იყვნენ ციხეში,"-აცხადებს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.