"ქორწილი მხოლოდ ნათესავების თავშეყრა არ არის" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით დღეს ბათუმში ევროპის მოედანზე ოპერატორებმა, ფოტოგრაფებმა და სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზატორებმა აქცია გამართეს.
ისინი ქორწილების და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით არიან დაკავებული, რომლებიც პანდემიის პირობებში საერთოდ აიკრძალა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აჭარაში 6-7 ათას ადამიანამდე იყო დაკავებული ამ საქმიანობით. ისინი ხელისუფლების მხრიდან განმარტებას მოითხოვენ, როდის და რა ფორმით იქნება ნებადართული შედარებით ხალხმრავალი ღონისძიებები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.