"ლელოს" მორიგი ოფისი ზესტაფონში - რაიონული ორგანიზაციის ოფისი პარტიის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მხარდამჭერებთან ერთად გახსნეს. პარტიის ლიდერებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მოგვიანებით კი მხარდამჭერებს შეხვდნენ და მათ სამოქმედო გეგმა გააცნეს.
"სამწუხაროდ, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, ზესტაფონშიც ძალიან რთული ვითარებაა შექმნილი, მათ შორის, უმუშევრობის მხრივ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია,ზესტაფონის აბსოლუტურად სხვა დონეზე აყვანა, მისი მაცხოვრებლების კეთილდღეობის კუთხით და ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, ოქტომბერში შევცვლით ხელისუფლებას და ზესტაფონის მოსახლეობაც იგრძნობს იმ სიკეთეებს, რასაც ახალი ხელისუფლება მოიტანს,"-განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ.
"მივესალმებით კონკურენტუნარიან გარემოში კანდიდატების ჭიდილს. ჩვენ ვართ ალტერნატიული ძალა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში ორპოლუსიანობა დასრულდეს და დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობისთვის ბრძოლა, რომლის სათავეშიც იქნება "ლელო",- განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ.