18 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
სოციალური აგენტების ნაწილი გაფიცვას აანონსებს - მათი პროტესტი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო

სოციალური აგენტების ნაწილი გაფიცვას აანონსებს. მათი პროტესტი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. ამჯერად მათი მთავარი მოთხოვნა მინისტრთან და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრაა, რათა მოისმინონ განმარტებები, თუ რატომ ვერ მოხერხდა მედიაციის პირობებში, 21 დღეში შეხვედრების განხორციელება იმისთვის, რომ მათი შრომითი დავა მოგვარებულიყო.

"პირველ რიგში ვითხოვთ მინისტრთან შეხვედრას, შრომის მინისტრთან შეხვედრას და ასევე სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას უკვე მედიატორის გარეშე. თუ ეს არ მოხდება უახლოეს პერიოდში, სოციალურ აგენტებს აღარ ექნებათ სხვა გზა გარდა იმისა, რომ სოციალური აგენტები გაიფიცნენ. საჯაროდ მოვუწოდებ სამინისტროს, რომ გააკეთოს განმარტება რატომ არ გრძელდება მედიაციის პროცესი და გააკეთოს განცხადება თუ რას აპირებს სოციალური აგენტების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით," -  აცხადებს ადვოკატი დავით ომსარაშვილი.

სოციალური აგენტები შრომითი უფლებებისა და ხელფასების ზრდას მოითხოვენ.

"13 წელია ვმუშაობთ ამ პირობებში, 13 წლის წინ რა ხელფასიც იყო არის ის ხელფასი დღესაც. 13 წლის წინ დოლარი 1,7 თუ 1,5 იყო, ახლა არის 3,2. რეალურად ხელფასი გვაქვს განახევრებულზე კიდევ უფრო ნაკლები," - აცხადებს სოციალური აგენტი გიორგი ფურელიანი.

შეგახსენებთ, რომ სოციალურმა აგენტებმა შრომითი უფლებებისა და ხელფასის გაუმჯობესების მიზნით დავა დაიწყეს, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, 21 დღიან ვადაში შეხვედრები ვერ მოხერხდა და ამჯერად აძლევენ ვადას ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მათ ეს შეთავაზება - მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით მიიღონ. აღნიშნული ვადა არის ორშაბათამდე და თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, სოციალური აგენტები აცხადებენ, რომ ისინი იძულებულები იქნებიან უკიდურეს ფორმას მიმართონ და გაიფიცნონ.

დღის ამბები