08 სექტემბერი 2026,   09:18
ვრცლად
"ქურდული გარჩევა" ცოლ-ქმრის დავაში - რას აცხადებენ დაკავებულთა უფლებადამცველები

კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, მიმართვის და მხარდაჭერის ბრალდებით პოლიციამ 6 პირი დააკავა. სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაშია მიცემული 4 ადამიანი. ოპერატიული ღონისძიებები სამართალდამცველებმა თბილისსა და ბათუმში ჩაატარეს.

ერთ-ერთი დაკავებულის მირზა მირზიაშვილის უფლებადამცველი ახალ დეტალებზე საუბრობს. ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, რომ ბრალდების მტკიცებით, ქურდული სამყაროს წევრები ცოლ-ქმარს შორის წარმოქმნილ ფინანსურ დავაში მონაწილეობდნენ, თუმცა თავად თამარ აბესაძეს მიაჩნია, რომ ეს არარეალური საქმეა:

"ცოლ-ქმრის დავაა, თუმცა დასადგენია, სასამართლოში უნდა გამოიკვლიონ ეს მტკიცებულება, რომ რამდენად დავა იყო და არსებობს თუ არა რეალურად ეს ცოლ-ქმარი. მე ვიცი, რომ ეს ცოლ-ქმარი არ არსებობს საერთოდ. ბრალდების მხარემ საიდან შეკრიბა ეს მტკიცებულებები, ცოტა უცნაურია. მირზა მირზიაშვილი კატეგორიულ უარზეა და მან თავისი ხმის ნიმუშზე ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა," - აცხადებს თამარ აბესაძე.

ადვოკატ ნოდარ ყეინიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დუმილის უფლებას იყენებენ. რაც შეეხება მტკიცებულებას უფლებადამცველი ჯერ მათ არ გაცნობია.

დანაშაულს არ აღიარებენ არც ადვოკატ მამუკა ნოზაძის დაცვის ქვეშ მყოფი პირები. მისი თქმით ამ ეტაპზე მიმდინარეობს მტკიცებულებების გაცნობა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, ბრალდებულების ნაწილი - "ქურდული სამყაროს" წევრები, ვალის დაბრუნების მიზნით წარმოქმნილ დავაში, მხარეების მიმართვის საფუძველზე ჩაერთნენ. აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, ისინი დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს ჯეირან კინწურაშვილს - მეტსახელად "ჯეირანას" და თამაზ ქარცივაძეს - მეტსახელად "კუსას", რომელთა მხარდაჭერით, ბრალდებული ი.ა.-ს საცხოვრებელ ბინაში "ქურდული გარჩევა" მოაწყეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს 8 800 ევროს გადახდა დააკისრეს.

დღის ამბები