ჯანდაცვის მინისტრმა სამეგრელოს რეგიონში სასწრაფო დახმარების 3 ახალი შენობა გახსნა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის "ერთი თვე სამინისტროსთან ერთად" ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად მარტვილში, სენაკსა და ხობში სასწრაფოს ახალი შენობები გახსნა.
ტიკარაძემ გადაუდებელი დახმარების ექიმებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. მისი თქმით, დღეიდან სასწრაფო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს ხელფასი 100 ლარით გაეზარდათ. ასევე 30 ლარით გაიზრდება 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია.
ასევე, 30 ლარით ეზრდებათ სოციალური პაკეტი I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ბავშვებს. სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.
ამ დრომდე მარტვილის, ხობისა და სენაკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ძველ შენობებში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომელთათვის შესაბამისი სამუშაო პირობები არ არსებობდა.
რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 22 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 31 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.